ქართული ამბები

19 Jun '19

საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და კორეის სათხილამურო ასოციაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

                                           

12-14 ივნისს სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა, საქართველოს მთის კურორტების განვითარები კომპანიის ხელმძღვანელი თამაზ გამცემლიძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მათ მასპინძლობდა საქართველოს ელჩი სამხრეთ კორეაში ბატონი ოთარ ბერძენიშვილი. 

2018 წელს სამხრეთ კორეის რესპუბლიკა, ქალაქი პიონგჩანგი იყო მასპინძელი ზამთრის ოლიმპიადის, ასევე კორეაში გაიმართა სათხილამურო და სნოუბორის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი. 2007 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად კორეა მასპინძლობს სამთო-სათხილამურო და ფრისტაილის მსოფლიო თასის ეტაპებს.

2023 წელს ბაკურიანი უმასპინძლებს სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს. ამასთან დაკავშირებით ამა წლის გაზაფხულზე ბატონმა ოთარ ბერძენიშვილმა დაიწყო მუშაობა იმის შესახებ, რომ კორეის რესპუბლიკას საქართველოსთვის გაეზიარებიანა თავისი გამოცდილება. მისი ძალისხმევით 14 ივნისს საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და კორეის სათხილამურო ასოციაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ და კორეის სათხილამურო ასოციაციის პრეზიდენტმა კიმ ჩე-ჰიუნმა.

კორეის მხარემ საქართველოს აღუთქვა გამოცდილების გაზიარება.

პიონგჩანგის მერმა - ჰან ვანგ-კიმ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს მთის კურორტების განვითარების დიდი პოტენციალი და კორეული მხარე მზად არის მონაწილეობა მიიღოს ამ მხრივ დაგეგმილი  ცალკეული  პროექტების  განხორციელებაში. ასევე მან თქვა, რომ პიონგჩანგის  დელეგაცია  სიამოვნებით დაესწრება 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც ბაკურიანში გაიმართება.