მსოფლიო ამბები

6 Jul '18

ინტერვიუ მანუელ ოსბორნ-პარადისთან

თქვენ მსოფლიო თასის პიედესტალზე 11-ჯერ ახვედით, სამჯერ გაიმარჯვეთ და ასევე მსოფლიო ჩემიონატის მედალიც მოიპოვეთ. თქვენ ხართ პირველი კანადელი მოთხილამურე, რომელმაც სუპერგიგანტსა და სწრაფდაშვებაში მსოფლიო თასის ეტაპები მოიგეთ. ასეთ კარიერაზე ოცნებობდით თუ სხვა გეგმები გქონდათ?

ახალგაზრდობაში მთის ველოსიპედისტი მინდოდა ვყოფილიყავი. ბავშვობიდან ვისტლერის შემოგარენში ველოსიპედისტებს თვალს ვადევნებდი. თხილამურებს უკეთესი სტრუქტურა აქვს და ჩემთვის უფრო ადვილი იყო ამ სპორტით დაკავება. თხილამურების მწვრთნელები იქვე მყავდა. ეს ორივე სპორტი ძალიან მიყვარს.

რა გეხმარებათ იმაში, რომ ყოვეწლიურად იყოთ მოტივირებული?

მოტივაციის შენარჩუნება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. როდესაც ბავშვოდიდან სრიალებ, ცხოვრებაც განსხვავებული გაქვს. გყავს ოჯახი, მეგობრები, თუმცა ბევრ დროს მათთან ერთად ვერ ატარებ. სრიალი საოცარი გრძნობაა და ეს ჩემს სისხლშია. ზამთარში მთებში ცხოვრება, თოვლით გარშემორტყმული, ეს გარემოება გიადვილებს რომ იყო მოთხილამურე. თხილამურებით სრიალი ჩემი ცხოვრების ნაწილია და ეს ის გრძნობაა, რომელიც ყოველ დილას ადგომას მიადვილებს. ამ ყველფრიდან გამომდინარე ადვილია, რომ სულ მოტივირებული იყო.

როდესაც 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეთ, იმ დროს სუპერგიგნტის რეიტინგში 25-ე ადგილზე იყავით და მანამდე თხუთმეტ შეჯიბრზე არცერთხელ არ ყოფილხართ საუკეთესოთა ათეულში. 26-ე სასტარტო ნომრით რომ გადაკვეთეთ ფინიში და იყავით მე-3 ადგილზე, დაიჯერეთ თუ არა?

მესამე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე მართლაც დაუჯერებელი იყო. დიდი დრო დამჭირდა იქამდე, რომ საუკეთესოთა ათეულში შემეღწია. მსოფლიო ჩემპიონატამდე რამდენჯერმე მქონდა კარგი სასტარტო ნომერი და კარგი შედეგიც. იმ პერიოდში კარგ ფორმაში ვიყავი და ვიცოდი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თუ კარგი ნომერი მექნებოდა, კარგ სრიალსაც შევძლებდი. მანამდე ძალიან კარგი სავარჯიშო შეკრება მქონდა და შეჯიბრზე თავდაჯერებული ვიყავი.

ალბათ განსხვავებული გრძნობა იყო, როდესაც პიედესტალი თანაგუნდელ - ერიკ გუეისთან ერთად გაიზიარეთ?

ეს სპორტი ინდივიდუალურია, მაგრამ ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც თანაგუნდელთან ერთად დგახარ პიედესტალზე. წარმატებასა და დაჯილდოებას მასთან ერთად იზიარებ. საოცარია, როდესაც დასახულ მიზანს მიაღწევ და ხარ წარმატებული, თუმცა რთულია შეჯიბრის შემდეგ სასტუმროში რომ ბრუნდები და მარტო შენ ხარ გახარებული. იმ დღეს კი ერთი გუნდიდან ორნი გავხდით მედლის მფლობელი და დიდებული ღონისძიება გამოგვივიდა. ჩვენ აუცილებლად უნდა აღგვენიშნა ეს საოცარი დღე.

თქვენი შემდგომი წარმატება ამ შედეგმა განაპირობა?

ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მედალმა ჩემს კარიერას მეტი იმპულსი შემატა. ზაფხული და ზაფხულის ვარჯიშები გრძელია და ამიტომ დიდ დროს სახლიდან შორს ატარებ, მაგრამ როდესაც წარმატებას აღწევ, ხვდები, რომ ეს გარჯა ნამდვილად ღირდა. ამ წარმატებამ, რა თქმა უნდა, უფრო თავდაჯერებული გამხადა. ,,ჰედთან“ მუშაობა დამეხმარა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად მეასპარაეზა. ისინი მხარს მიჭერდნენ სეზონამდე და სეზონის განმავლობაშიც. ეს იყო მთელი გუნდის ძალისხმევა, მაგრამ ,,ჰედის“ თხილამურებზე რომ გადავედი, ფოკუსირება მსოფლიო ჩემპიონატზე გავაკეთე და ეს ნამდვილად დამეხმარა წარმატების მიღწევაში.

თქვენი კარიერა მსოფლიო თასის გათამაშებაში 2005 წელს შამონიში დაიწყო, როდესაც მიხეილ ვალჰოფერი, კრისტიან გედინა და ჰერმან მაიერი ასპარეზობდნენ. სამთო-სათხილამურო სპორტი თანდათან უფრო ვითარდება, ტრასებს უკეთ ამზადებენ და უსაფრთხოებასაც მეტი ყურადღება ექცევა. რა განსხვავებას ხედავთ იმ დროსა და ამჟამინდელ მდგომარეობას შორის?

რთულია თქმა, რომ მაშინ რაიმე არ მომწონდა. მსოფლიო თასის გათამაშებაზე ახალბედა სპორტსმენი ვიყავი და მაშინ ყველაფერი მომწონდა. ვერ შევაფასებდი რა იყო კარგი და რა ცუდი. ვიცოდი, რომ ტრამპლინები იყო დიდი და ტრასებზე თოვლის საფარი მეტად გაყინული. მას შემდეგ წესები შეიცვალა, რამაც ბიჭების უსაფრთხოება და კარიერის გახანგრძლივება განაპირობა. მომწონდა მაშინ, რომ უფრო პირდაპირი ტრასები იყო. თხილამურები მაშინ არც ისე სწრაფი იყო, შეგეძლო ბოლომდე გარისკვა, პირდაპირ სრიალი და მიყვარდა ისეთი ტრასები.

და ამჟამად რა შეიცვალა უკეთესობისკენ?

უკეთესობისკენ შეიცვალა ის, რომ უსაფრთხოება მეტად დაცულია, მაგალითად ტრასაზე დამონტაჟებული უსაფრთხოების ბალიშები, გაფართოებული ტრასები და თოვლის კარგად მომზადება. FIS-ისა და სპორტსმენებს უკეთესი კომუნიკაცია. ამ სპორტის ინოვაციასა და წინსვლას ვგრძნობთ, რაც ძალიან კარგია. უსაფრთხოება რაც უფრო მაღალი ხარისხისაა, სპორტიც მეტად ვითარდება. ეს განაპირობებს იმას, რომ საფრთხეები ნაკლებია და მეტი ბავშვი ისრიალებს. ბავშვები ყოველთვის უშიშრები არიან და უსაფრთხოების ფაქტორი სპორტის წინსვლისთვის აუცილებელია.

 

   

 

აქტიურ კონკურენტებს, საუკეთესოთა მოთხილამურეებს შორის სწრაფდაშვებაში მიღებული სტარტებით თქვენ მეოთხე ადგილზე ხართ (თქვენ უგებთ სვინდალს, რომელსაც 109 სტარტი აქვს, ფილს - 137, გუეის - 119 და თეოს - 113). ამ გამოცდილებას როგორ იყენებთ?

არც ვიცოდი, რომ მიღებული სტარტების რაოდენობით მეოთხე ადგილზე ვარ, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემი ასაკის მოთხილამურეები ცოტანიღა დავრჩით. ამ სპორტში წარმატების მისაღწევად ტრასების კარგად ცოდნა მნიშვნელოვანია. ტრასის პატარა ასპექტების ცოდნა, შეჯიბრების დღეს უშეცდომოდ სრიალში გეხმარება. ტრასის კარგად ცოდნას, რა თქმა უნდა, აქვს უპირატესობა, მაგრამ არის ისეთი ტრასებიც, სადაც დამტვრეულხარ და საჭიროა ამის გადალახვაც. ძალიან კარგია, როცა კარგად იცი ადგილები და ტრასები, განსაკუთრებით როდესაც ჩრდილოეთ ამერიკიდან ხარ. ახლა ვიცი კურორტები, სასტუმროები და სად როგორი საკვებია. ასე ადვილია სიმშვიდის შენარჩუნება და შეჯიბრებების შორის ძალების აღდგენა.

რომელი ტრასა მოგწონთ ყველაზე მეტად და რატომ?

ყოველთვის მომწონდა ვალ გარდენაში სასლონგის ტრასა. ჩვენს გუნდს იმ ტრასასთან დაკავშირებით კარგი მოგონებები აქვს. ვალ გარდენაში კანადის ნაკრებს დიდებული ისტორია აქვს. ეს ის ტრასაა, სადაც სრიალი ძალიან გსიამოვნებს და არ აქვს მნიშვნელობა პირველი იქნები თუ ბოლო. ,,აქლემის სახტომია“ ცოტა საშიში და დანარჩენი ტრასის მონაკვეთი ძალიან გასართობია. როდესაც ,,აქლემის სახტომს“ გაივლი,  ყოველთვის გეღიმება.

თქვენს გუნდში ახალგაზრდა სპორტსმენებს თქვენს გამოცდილებას გადასცემთ?

ვცდილობ, ტრასების შესახებ ჩემი ცოდნა ახალაგაზრდა თანაგუნდელებს გადავსცე, მაგრამ არ მინდა, მათ მივაწოდო ბევრი ინფორმაცია, რადგან სრიალი იმდენად ინდივიდუალურია, რომ სხვადასხვა მიდგომა სჭირდება. ასპარეზობამდე წინასწარ თითქმის ვერაფერს გათვლი. ჩემს თანაგუნდელებს კარგად ვიცნობ და ვიცი, თუ რა რჩევა დაეხმარება მათ ან რა შეუშლის ხელს.

თქვენი გულახდილობითა და პოზიტიურობით მსოფლიო თასის გათამაშებაში ცნობილი და დაფასებული ხართ. სხვა გუნდებთან და სპორტსმენებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

მათს გარემოცვაში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, განსაკუთრებით სწრაფი სახეობების სპეციალისტებთან, ამდენი წლის ურთიერთობა გვაქს,  ერთი ოჯახის წევრებივით ვართ. ყველა  წარმატებისთვის ვიბრძვით, მაგრამ არ ვიბრძვით ერთმანეთის წინააღმდეგ. რადგან მთაში გვიწევს ასპარეზობა, ადვილია ერთად მუშაობა. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ ხოლმე. მეც ვიყავი გუნდში ყველაზე უმცროსი და უფროსები მეხმარებდნენ, მასწავლიდნენ, თუ როგორ მივხმარებოდი სხვებს. ერთ წელს, კიცბუელში  როცა შეშინებული ვიყავი  ტრასის ნახვით, ბოდი მილერი ძალიან დამეხმარა. რაც შემიძლია, მწვრთნელებთან და ახალგაზრდა სპორტსმენებთან ვცდილობ ვიყო გახსნილი.

მსოფლიო თასის გათამაშებაში ბევრი ასპექტია სტანდარტიზებული, გასართობად თუ გრჩებათ დრო?

ვერ ვიტყოდი, რომ მსოფლიო თასის გათამაშებაში ბევრი დრო გვრჩება გასართობად. ეს ჩვენი სამუშაოა, აქ იმდენი რისკია,  ეს ყველაფერი კი დიდ  ენერგიას მოითხოვს და დარწმუნებული უნდა იყო, რომ ყოველთვის მზად ხარ. შაბათ საღამოობით ყოველთვის ვცდილობთ სასტუმროს ოთახიდან გასვლას და ცოტა დალევას განტვირთვისთვის. მთელი წლის განმავლობაში მოგზაურობაში ვართ. განტვირთვა აუცილებელია, მაგრამ შეჯიბრების დღეს  განწყობა ძალიან მნიშვენლოვანია.

თქვენი ხასიათი თქვენს კარიერაზე როგორ გავლენას ახდენს?

არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ხასიათი კარიერაზე რაიმე ზეგავლენას ახდენდეს. ჩემში არის, რა თქმა უნდა, დადებითი და უარყოფითი თვისებები. აუცილებელია სხვა გუნდის წევრებთან ურთიერთობა, გახალისება და არა ის, რომ სულ სასტუმროში იჯდე მოწყენილი. ესა ვარ, რაც ვარ.

2016 წელს თქვენ და თქვენი მეუღლე მშობლები გახდით. სლოანე ახლა წლინახევრისაა. რამდენად სასიამოვნოა მამად ყოფნა?

რა თქმა უნდა, მიყვარს მამის ამპლუაში ყოფნა, უნდა ვაღიარო! განსაკუთრებით პირველი წელი. სლოანეს დედა მეტად სჭირდება ვიდრე მე, ასე რომ შემიძლია შეჯიბრებებზე სიარული. საოცრებაა, მიყვარს სახლში დაბრუნება. მშობელი რომ ხდები, სრულიად განსხვავებული ცხოვრება გეწყება და გიყვარდება ცხოვრების ახალი სტილი.

ოჯახს რამდენ დროს უთმობთ? ზამთრის პერიოდში ევროპაში ჩამოდიან ხოლმე?

ბევრი დრო არ მრჩება ოჯახისათვის, მაგრამ ვაფასებ იმას, რაც მაქვს. თხილამურებზე სრიალს დიდი დრო მიაქვს და ასევე გზაში ყოფნასაც. ბოლო ორი წელია ევროპაში არ ჩამოსულან, მაგრამ მომავალ წელს შეიძლება ჩამოვიდნენ. სლოანეს იმხელა ენერგია აქვს, რომ თვითმფრინავში ჯდომა გაუჭირდება. იმედი მაქვს მომავალში ჩამოვლენ ხოლმე, თუმცა ჩვენც გვიწევს კანადაში ვარჯიში, ასე რომ, თან ოჯახთან ვიქნები და თან კარგადაც ვივარჯიშებ.

თქვენი ქალიშვილის დაბადებამ როგორც სწრაფი სახეობების სპეციალისტს შეკითხვები გაგიჩინათ?

დიახ, ბევრი შეკითხვა გამიჩინა და ჩემს თავს ვუთხარი -არა! მოტივირებული გამხადა, რომ უკეთესი მოთხილამურე გავხდე. ვცდილობ უკეთესი ვიყო, ვიდრე ვარ. უკვე მარტო არ ვარ, რამდენადაც წარმატებული ვიქნები, ჩემი შვილიც მეტად წარმატებული იქნება და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რას ფიქრობთ, თქვენი გოგო მსოფლიო თასის გათამაშებაში მამასავით წარმატებული იქნება?

ამჟამად არ ვიცი სლოანე მოთხილამურე გამოვა თუ არა. მას შეუძლია აკეთოს ის, რაც მოუნდება! ამჟამად მას ყველა სპორტი თხილამურები ჰგონია. ძალიან მოსწონს თხილამურები. როცა გაიზრდება, ალბათ შეხედულება შეეცვლება. მიხარია, რომ მას ის ახარებს, რასაც აკეთებს. ვიცი, რომ ისრიალებს და ჩვენ გვექნება დიდებული ოჯახური მოგზაურობები. ესაა ჩემი ფავორიტი სპორტი. არდადეგებს ძირითადად მთაში გავატარებთ ხოლმე.

მოამზადა სოფო ახმეტელმა