ქართული ამბები

25 Jun '18

23 ივნისს თბილისში ოლიმპიელთა ფორუმი გაიმართა

23 ივნისს ოლიმპიური დღე დილიდან კუს ტბაზე ოლიმპიური გარბენით დაიწყო. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით სხვადასხვა სპორტის ფედერაციებმა, მათ შორის სათხილამურო ფედერაციამაც თავიანთი კუთხეები მოაწყვეს. 

                                                                       

საღამოს რუსთაველის თეატრში ოლიმპიელთა ფორუმი გაიმართა. ფორუმზე მოწვეულნი იყვნენ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, სხვადასხვა თაობის ოლიმპიელები, მათი ოჯახის წევრები.

საპატიო სტუმრის სტატუსით ფორუმს დაესწრნენ საერთაშორისო ოლიმპიური ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ფორუმს ასევე ესწრებოდნენ კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე,  ქალაქ თბილისის მერი კახი კალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, პარლამენტის წევრები, ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენები, მოსწავლეები და სტუდენტები, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწენი, სპორტის გულშემატკივრები.

1952-2018 წლებში, საბჭოთა ეპოქასა და დამოუკიდებლობის პერიოდში, ზაფხულისა და ზამთრის 27 ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს ჰყავდა 395 ოლიმპიელი.

ჩვენს ოლიმპიელებს სპორტის 21 სახეობაში სულ მოპოვებული აქვთ 126 ოლიმპიური მედალი, მათ შორის - 39 ოქროს მედალი.

საქართველო ამაყობს თავისი სახელოვანი სპორტსმენებით, თითოეული ჩვენი ოლიმპიელით. სწორედ მათთვის პატივის მისაგებად და ჩვენი სპორტის ოლიმპიური მიღწევების წარმოსაჩენად გაიმართა სრულიად საქართველოს ოლიმპიელთა ფორუმი.

ფორუმი მაღალ შინაარსობრივ და მხატვრულ დონეზე წარმოადგინა რუსთაველის თეატრის პროფესიონალთა  ჯგუფმა.

რუსთაველის თეატრში შეკრებილ საზოგადებას მიესალმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

ფორუმის მონაწილეებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილ ოლიმპიელთა ხსოვნას, გაიხსენეს საინტერესო ისტორიები მათი სპორტული ბიოგრაფიიდან.

ფორუმზე მიიღეს დეკლარაცია, რომლის ტექსტიც წაიკითხა საქართველოს ოლიმპიელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ორგზის ოლიმპიურმა პრიზიორმა და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ლუკა კურტანიძემ.

ფორუმის თითოეულ მონაწილეს, მათ შორის სათხილამურო სპორტის ოლიმპიელებს: სოფიო ახმეტელს, ნინო წიკლაურს, კობა წაქაძეს, ლევან აბრამიშვილს, ზურაბ ჯიჯიშვილს, კახა წაქაძეს, რობერტ მახარაშვილს, იასონ აბრამაშვილს, ჯაბა გელაშვილს და ალექსი ბენიაიძეს სეოკ-ის სპეციალური საჩუქარი - თასები და  ამ დღისთვის გამოცემული კრებული - „საქართველოს ოლიმპიელები" გადაეცათ.

ბოლოს, ფორუმის მონაწილეთა პატივსაცემად,  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელით გაიმართა გალა-მიღება.