ქართული ამბები

23 იან '18

21 იანვარს ,,თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნა

      საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ინიციატივით უკვე მეშვიდე წელია იანვარში ,,თოვლის მსოფლიო დღე“ იზეიმება. ეს დღესასწაული ყოველწლიურად  უფრო მასშტაბური ხდება. აღსანიშნავია, რომ ,,თოვლის მსოფლიო დღე“ ეროვნულ დღესასწაულად დადგინდა ისეთ ცნობილ ქვეყნებში, როგორებიცაა: ავსტრია, კანადა, საფრანგეთი, ისლანდია, ნორვეგია, პოლონეთი და შვედეთი.

        საქართველოშიც ეს დღესასწაული საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ინიციატივით ყოველწლიურად აღინიშნება. წელს კი ყველაზე მასშტაბურად აღინიშნა. საქართველოში ,,თოვლის მსოფლიო დღის“ ღონისძიებაში 800-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

        21 იანვარს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით, კომპანია ,,სილქნეტის“,  მთის კურორტების განვითარების კომპანიის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე წელს მხარდამჭერთა სიას დეველოპერული კომპანია ,,რედკო“ და ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაცია  შეემატა, ბავშვებმა, მათმა მშობლებმა და დამსვენებლებმა საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძის უღელტეხილზე ,,თოვლის მსოფლიო დღე“ იზეიმეს.

       საქართველოს ყველა სამთო კურორტზე გაიმართა ბავშვთა სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები, ასევე ჩატარდება გასართობი შეჯიბრებები, რომელშიც ყველა მსურველი ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.

       გუდაურში  გონდოლას მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ, კომპანია ,,სილქნეტთან“, მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან და კომპანია ,,რედკოსთან“ ერთად ბავშვთა გასართობი ღონისძიება გამართა. 

       4-დან 14 წლამდე ბავშვთა შორის გასართობი შეჯიბრება ჩატარდა. ღონისძიებაში, ყველა მსურველთან ერთად, მონაწილეობა მიიღო: ,,კულინარიის სკოლა ,,კარამელმა“, ,,ბასტი ბუბუს“  მომღერალმა ბავშვებმა და ანიმატორთა ჯგუფმა  ,,გასართობმა ავტობუსმა“.

ბავშვები ერთმანეთს მხიარულ და მეგობრულ ატმოსფეროში შეეჯიბრნენ. ტრასაზე საშეჯიბრო კარების ნაცვლად, საბავშვო ბანერები (თაღები) იყო განლაგებული. ბავშვებს კი სპეციალურად ,,თოვლის მსოფლიო დღის“ აღსანიშნავი სასტარტო ნომრები ეცვათ, საჩუქრებად კი მიიღეს მაისურები ლოგოთი - ,,თოვლის მსოფლიო დღე“ და სპეციალურად ამ დღისთვის, მონაწილეებისთვის შექმნილი მადლობის სიგელები.  ასევე ყველა მსურველმა ,,გიფის“ აპარატით სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. ,,სნოუ პარკში“ კი ფრისტაელ შოუ გაიმართა.

         ამავე დღეს ბაკურიანში ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაციამ საქართველოს სათხილამურო ფედერაციასთან ერთად უმასპინძლა ბავშვებს ,,ჯოილენდში“, სადაც სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართა, სადაც ბაკურიანის ყველა სათხილამურო სკოლის 300-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.

        წელს გოდერძის უღელტეხილზე ,, თოვლის მსოფლიო დღე“  აჭარის სათხილამურო ფედერაციის ძალისხმევით მოეწყო, ამ დღისთვის გოდერძის უღელტეხილზე მთიანი აჭარიდან 200-მდე მოზარდი შეიკრიბა.
         წლიდან-წლამდე ,,თოვლის მსოფლიო დღე“ საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება.