ქართული ამბები

18 იან '18

21 იანვარს 'თოვლის მსოფლიო დღე' აღინიშნება

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ინიციატივით უკვე მეშვიდე წელია იანვარში ,,თოვლის მსოფლიო დღე“ იზეიმება. ეს დღესასწაული ყოველწლიურად  უფრო მასშტაბური ხდება. აღსანიშნავია, რომ ,,თოვლის მსოფლიო დღე“ ეროვნულ დღესასწაულად დადგინდა ისეთ ცნობილ ქვეყნებში, როგორებიცაა: ავსტრია, კანადა, საფრანგეთი, ისლანდია, ნორვეგია, პოლონეთი და შვედეთი.

        საქართველოშიც ეს დღესასწაული საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ინიციატივით ყოველწლიურად აღინიშნება.

        21 იანვარს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით, კომპანია ,,სილქნეტის“,  მთის კურორტების განვითარების კომპანიის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე წელს მხარდამჭერთა სიას დეველოპერული კომპანია ,,რედკო“ და ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაცია  შეემატა, ბავშვები, მათი მშობლები და დამსვენებლები საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძის უღელტეხილზე ,,თოვლის მსოფლიო დღეს“ იზეიმებენ.

       საქართველოს ყველა სამთო კურორტზე გაიმართება ბავშვთა სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები, ასევე ჩატარდება გასართობი შეჯიბრებები, რომელშიც ყველა მსურველი ბავშვი მიიღებს მონაწილეობას.

       გუდაურში 21 იანვარს 12:00 სთ.-ზე გონდოლების მოედანზე, რედკოს ქალაქთან საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, კომპანია ,,სილქნეტთან“, მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან და კომპანია ,,რედკოსთან“ ერთად ბავშვთა გასართობ ღონისძიებას გამართავს. 

       4-დან 14 წლამდე ბავშვთა შორის გასართობი შეჯიბრება ჩატარდება. ღონისძიებაში, ყველა მსურველთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს: ,,კულინარიის სკოლა ,,კარამელი“, ,,ბასტი ბუბუს“  მომღერალი ბავშვები და ანიმატორთა ჯგუფი  ,,მხიარული ავტობუსი“.

ბავშვები ერთმანეთს მხიარულ და მეგობრულ ატმოსფეროში შეეჯიბრებიან. ტრასაზე საშეჯიბრო კარების ნაცვლად, საბავშვო ბანერები (თაღები) იქნება განლაგებული. ბავშვებს კი სპეციალურად ,,თოვლის მსოფლიო დღის“ აღსანიშნავი სასტარტო ნომრები ეცმევათ, საჩუქრებად კი მიიღებენ მაისურებს ლოგოთი - ,,თოვლის მსოფლიო დღე“.

ამავე დღეს ბაკურიანში 17:00 სთ.-ზე ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაცია საქართველოს სათხილამურო ფედერაციასთან ერთად ეპატიჟება ბავშვებს ,,ჯოილენდში“, სადაც სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება. ბავშვებს სხვადასხვა სიურპრიზი ელით.

         ამ ღონისძიების მონაწილე ბავშვებსა და მათს ოჯახის წევრებს დაუვიწყარი დღე ელით.

ყველას გელით საქართველოს თოვლიანი მთები. 

 

     მოინიშნეთ კალენდარში 21 იანვარი!