მსოფლიო ამბები

21 ნოე '17

FIS-ის მიერ ორგანიზებული შეკრება ავსტრიის მყინვარებზე

ყოველწლიურად საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია, (FIS) ეროვნულ ფედერაციებთან თანამშრომლობით, განვითარებადი ქვეყნების ახალგაზრდა სპორტსმენებს ევროპაში იწვევს სავარჯიშოდ.

წელს ოქტომბრიდან ნოემბრამდე ერთი თვის მანძილზე 14 ქვეყნის 21-მა ახალგაზრდა სპორტსმენმა, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა: ეკატერინე გოცირიძემ და ბესარიონ ჯაფარიძემ ავსტრიის მყინვარებზე: შტუბაიში, ჰინტერტუქსა და პიცტალში ივარჯიშეს.

ახალგაზრდა სპორტსმენებს თოვლის ძალიან კარგმა ხარისხმა ხელი შეუწყო, რომ სლალომსა და გიგანტურ სლალომში კარგად მომზადებულიყვნენ. დილის საათებში ისინი თოვლზე ვარჯიშობდნენ, საღამოობით კი სისწრაფეზე, კუნთოვან სიმძლავრეზე და კორდინაციაზე მუშაობდნენ. გარდა ამისა, მათთან ერთად იყვნენ FIS-ის ექსპერტები, რომლებიც საღამოობით სპორტსმენებთან ერთად ვიდეოანალიზს აკეთებდნენ, მომზადებისა და ტექნიკის ნიუნსებს ერთად განიხილავდნენ.

FIS-ის ეს პროგრამა მიზნად ისახავს განვითარებად ქვეყნებში სათხილამურო სპორტის განვითარებასა და სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზზე კარგად წარმოჩენას.  

ეს პროგრამა წელს ორ ნაწილად გაიყო, მეორე ნაკადი 19 ნოემბრიდან16 დეკემბრამდე მოემზადება.

შეკრების კოორდინატორმა - მარკუს მალსინერმა თქვა: -,,ჩვენ ამ სამი მყინვარიდან ვარჩევთ სეზონის იმ პერიოდს, რომ თოვლის ხარისხი და სავარჯიშო ტრასა კარგი იყოს. ჩვენი გუნდის სახელით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს, მათი დიდი დახმარებისთვის. მომავალ შეჯიბრებებზე ჩვენს სპორტსმენებს წარმატებებს ვუსურვებთ.“

ამ შეკრებაზე მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს, ალბანეთის, ანდორის, ბრაზილიის, დანიის, ესტონეთის, უნგრეთის, ინდოეთის, ირლანდიის, ყაზახეთის, ლატვიის, უკრაინის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის ნაკრების წევრებმა.