მსოფლიო ამბები

30 ოქტ '17

ზოლდენში ვიქტორია რებენსბურგმა გაიმარჯვა

28 ოქტომბერს ზოლდენში (ავსტრია) 2017-2018 წლის სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის გათამაშების სეზონი გაიხსნა. გიგანტურ სლალომში ქალთა შორის გერმანელმა ვიქტორია რებენსბურგმა გაიმარჯვა, მან ბოლოს 2010 წელს გაიმარჯვა ზოლდენში. მეორე ადგილზე ფრანგი ტესა ვორლი გავიდა და მესამე ადგილი იტალიელმა მანუელა მოლგმა დაიკავა, რომელსაც პირველ ცდაში საუკეთესო დრო ჰქონდა. შეჯიბრებას 14 500 გულშემატკივარი ესწრებოდა.

2016/17 წ.-ს სეზონი რებენსბურგმა ზურგის პრობლემებითა და წვივის ძვლის მოტეხილობის შემდგომი პრობლემებით დაიწყო, მაგრამ პოდიუმზე ორჯერ მაინც მოახერხა ასვლა, წელს კი თავს ძალიან კარგად გრძნობს და კარგ ფორმაშია. 2017 წლის დიდი მსოფლიო თასის მფლობელი მიკაელა შიფრინი პირველი ცდის შემდეგ მეორე ადგილზე იყო, მეორე ცდაზე შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა.

29 ოქტომბერს ვაჟთა გიგანტური სლალომი, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სამთო-სათხილამურო ნაკრების წევრს - ალექსი ბენიაიძეს უნდა მიეღო, ძლიერი ქარის გამო გაუქმდა. 

შემდეგი ქალთა მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპი ფინეთში - (ლევი) 11 ნოემბერს გაიმართება.