მსოფლიო ამბები

11 Sep '17

ინტერვიუ მიშელ გისინთან

შვეიცარიელი სამთო-მოთხილამურე მიშელ გისინი ამჟამად არგენტინაში იმყოფება და მომავალი სეზონისთვის ემზადება.

არგენტინაში ეს შეკრება ზაფხულის მოსამზადებელი პერიოდის მთავარი ეტაპია? მოგვიყევით ამის შესახებ, მოგწონთ არგენტინაში სრიალი?

დიახ, ნამდვილად ძალიან მომწონს. აქ ახლა ზამთარია, ულამაზესია აქაურობა და მეც ვტკბები ბუნების სილამაზით.

სერფინგს საკმაო დრო დაუთმეთ? როგორი იყო თქვენი ზაფხული?

არასდროს მყოფნის ის დრო, რომელსაც ქარის სერფინგს ვუთმობ. ზაფხული დიდებულად გავატარე, რაც შეიძლებოდა მეტი დრო ლუკასთან ერთად გავატარე.

ზაფხული ასევე ფიზიკური მომზადების პერიოდია. სხვადასხვა სახეობისთვის ვარჯიშს ბევრი დრო სჭირდება. როგორ ჩაიარა ვარჯიშებმა?

მიყვარს ეს პერიოდი და ფიზიკურად ვარჯიში. საოცარია, როდესაც ყოველდღიურ პროგრესს ხედავ, სეზონისა და დასვენების შემდეგ ყველაფერს თავიდან ვიწყებ ხოლმე. ყოველკვირეულად ფორმას ვიუმჯობესებ. 

 

თხილამურებს რომ დაუბრუნდით, ყველაზე მეტად რა გესიამოვნათ?

თავისუფლება თოვლზე და უბრალოდ სრიალით გამოწვეული სიამოვნება.

გასული სეზონი სლალომზე ფოკუსირებით დაიწყეთ. რატომ აირჩიეთ ეს სახეობა?

დედაჩემისა და ჩემი დედმამიშვილების საყვარელი სახეობაა. სლალომი ყოველთვის მიყვარდა, ევროპის თასის გათამაშებაშიც ამ სახეობით მოვხვდი. მუხლის ტრავმის შემდეგ გიგანტური სლალომის დროს ფეხი მაწუხებდა და ამიტომ სლალომის სრიალი უკეთ გამომდიოდა. გადავწყვიტე ერთი სახეობა ამერჩია, გამოცდილება მიმეღო და შემდეგ სხვა სახეობებიც მომესინჯა.

შარშან თქვენ სწრაფდაშვების შეჯიბრებაზე პირველად იასპარეზეთ და მე-7 ადგილი დაიკავეთ. როგორ ახსნით ამ შედეგს?

ეს დღე ჩემთვის დღემდე დაუჯერებელია. ოჯახში სისწრაფეზე ბევრს ვსაუბრობდით. ახლაღა ვხვდები რაღაცებს, რაც მაშინ ვისაუბრეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ვალ-დიზერში, როდესაც პირველად ვიასპარეზე, დედმამიშვილების ანალიზი და რჩევები მომეხმარა. მათ მასწავლეს, თუ როგორ უნდა იმუშავო ტრასაში. 10 წლიდან სულ მასწავლიან.

როგორ ფიქრობთ, რომელ სახეობაში იქნებით ყველაზე წარმატებული?

რთულია თქმა. მინდა იყოს ეს სახეობა სლალომი, მაგრამ ვფიქრობ, ალბათ სწრაფდაშვება უფრო იქნება. მომავალი გვიჩვენებს.

რომელი სახეობა გიყვართ ყველაზე მეტად?

ამ კითხვას ხშირად მისვამენ, საერთოდ სრიალი მიყვარს.

რას გრძნობთ თითოეული სახეობის სრიალისას?

სისწრაფე თავისუფლების შეგრძებას მმატებს. სლალომი ზოგჯერ გულს გიტეხს, რადგან შეცდომის დაშვებისას დრო არ გაქვს გამოასწორო შეცდომა. სწრაფდაშვებაში კი დიდი დროა და შეგიძლია უშეცდომოდ მოუხვიო, მაგრამ სლალომი, ისევე როგორც გიგანტური სლალომი, ტექნიკასა და სწრაფად ფიქრს გასწავლის.

მსოფლიო თასის გათამაშებაში ყველაზე მეტად რა მოგწონთ?

მსოფლიოს დათვალიერება და შესაძლებლობა იასპარეზო უმაღლესი სიძლიერის შეჯიბრებებზე, ეს საოცარია.

2016/17 წლის სეზონი თქვენთვის საუკეთესო იყო. მსოფლიო თასის პიედესტალზე პირველად ახვედით და მსოფლიო ჩემპიონატზე სამთო-კომბინაციაში ვერცხლის მედალი მოიპოვეთ. ყველაზე კარგად რა გახსენდებათ?

რა თქმა უნდა, სანტ-მორიცის მსოფლიო ჩემპიონატი. სამშობლოში განსხვავებული გულშემატკივრობა იყო და ამით ძალიან დავტკბი.

 

თქვენს მომზადებაში იყო რაიმე განსხვავებული?

ბარძაყის ტკივილი რომ მომეშორებინა, გაზაფხულის ვარჯიშები  შევცვალე. ეს ძალიან დამეხმარა და სტაბილურობა შემმატა.

სეზონის დაწყებამდე თუ წარმოიდგენდით ასეთი წარმატებით ასპარეზობას?

ყოველთვის ძლიერად მუშაობ და იმედი გაქვს, რომ დიდ წარმატებას მიაღწევ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ცოტა გამართლებაც გინდა. ასე რომ, გამიმართლა და ბედნიერი ვარ იმით, რასაც მივაღწიე.

2018 წელი ოლიმპიური სეზონია, თქვენი შარშანდელი წარმატებული სეზონიდან გამომდინარე, ალბათ უფრო დიდი მიზნები გექნებათ. რომელ სახეობაში ფიქრობთ გამოსვლას?

ყველა სახეობაში, - არა, გატყუებთ. პირველ რიგში აუცილებლად მინდა კვალიფიკაცია სლალომსა და კომბინაციაში გავიარო. სხვა სახეობებში ბრძოლა არ იქნება ადვილი ჩემთვის, მაგრამ შემდეგი სახეობა, რომლის კვალიფიკაციისთვის ვიბრძოლებ, ეს სწრაფდაშვებაა. პიონგჩანგის ტრასაზე შემიყვარდა სწრაფდაშვება.

მართლაც დიდებული შედეგი გქონდათ, როგორ მომზადებას აპირებთ ამ შეჯიბრისთვის?

იმედი მაქვს ყველა ვარჯიში თავდაჯერებულობას შემმატებს.

თქვენი და სოჭში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, რა შეგიძლიათ მისი გამოცდილებიდან მიიღოთ?

ის ამჯერადაც ძალიან მეხმარება, თავის გამოცდილებას მიზიარებს და შეჯიბრებების თავისებურებას მასწავლის. ასევე მასწავლის, თუ როგორ უნდა მოემზადო დიდი წარმატებისთვის.   

თქვენ ისეთ გარემოში იმყოფებით, ისეთი ადამიანებით ხართ გარშემორტყმული, რომ წარმატებისთვის მოტივაციას ეს გარემოებაც გაძლევთ. გუნდში როგორი ურთიერთობაა? პირველ რიგში მეგობრები ხართ ერთმანეთის თუ მეტოქეები?

ჩვენ პირველ რიგში სპორტსმენები ვართ. ჩვენ ერთად ვვარჯიშობთ, ყოველდღიურად ვცდილობთ სრიალის გაუმჯობესებას და გამიმართლა, რომ ასეთ გუნდში მოვხვდი. როგორც კი ვარჯიში მორჩება ხოლმე, ჩვენ ერთად კარგ დროს ვატარებთ და კარგი მეგობრები ვართ. ჩვენთან არაა კონკურენცია, შური და ეჭვიანობა, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით, რომ სწრაფად ვისრიალოთ და ეს დიდებულია.

დომინიკი და მარკი, თქვენი და-ძმა ასევე წარმატებული მოთხილამურეები არიან. გუნდიდან რას სწავლობთ? ყველაზე მეტად რაში გეხმარებიან ისინი?

პირველ რიგში მათ შევყურებ და დიდი გულშემატკივარი ვარ. ჩემი ძმა ყოველთვის მეუბნება, რომ დასვენებაა იარაღი,  და კი მეუბნება - თუ ყველაფერი შენს წინააღმდეგაა, წარმატების მისაღწევად მეტი შემართებით წინ უნდა იაროო.

თქვენი მეგობარი ბიჭი, იტალიელი ლუკა დეალიპრანდინი ასევე მნიშვენოლოვანი ადამიანია თქვენს ცხოვრებაში. როგორ ახერხებთ იყოთ ერთად, როდესაც ქალთა და ვაჟთა შეჯიბრები სხვადასხვა ადგილებშია? ზამთარში ნახულობთ ხოლმე ერთმანეთს?

ვფიქრობ არაა ადვილი ასეთი ურთიერთობა, მაგრამ ძალიან ღირებულია ჩვენთვის. ზამთრის განმავლობაში ხშირად ერთმანეთს ვერ ვნახულობთ, მაგრამ, სამაგიეროდ, ზაფხულის პერიოდში არც ერთს არ გვიწევს ოფისში 8:00 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე ყოფნა და მთელ დღეებს ერთად ვატარებთ. როდესაც ვვარჯიშობთ, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. სირბილითაც ერთად დავრბივართ და ვცდილობ გულის შეტევა არ მივიღო.

მოამზადა სოფო ახმეტელმა.