ქართული ამბები

27 Jun '17

FIS-ის გენერალური მდივანი - სარა ლუისი საქართველოში ჩამოვიდა

2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატს, შესაძლოა, საქართველომ უმასპინძლოს, - ამის შესახებ გახდა ცნობილი შეხვედრაზე, რომელიც  საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალურ მდივან  სარა ლუისს  შორის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი - ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი, კომპანია ,,სილქნეტის“ დამფუძნებელი - გიორგი რამიშვილი და სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები.

საქართველოს პრემიერმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურ მდივანს  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მთის კურორტების განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ. გააცნო განხორციელებული და მიმდინარე ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები.

სარა ლუისთან ერთად საქართველოში იმყოფება საერთაშორისო ფედერაციის ექსპერტ - კოორდინატორი სათხილამურო ფრისტაილში  ჯოზეფ ფიცჯერალდი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ტექნიკურ ინსპექციას განახორციელებს. 

27-28 ივნისს იგი გუდაურისა და ბაკურიანის შესაძლებლობებსა და პოტენციალს ადგილზე გაეცნობა.

საქართველოს კანდიდატურა 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციაში 2017 წლის 1 მაისს წარადგინა. ჩემპიონატის  მასპინძელი ქვეყანა შეირჩევა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე, რომელიც გაიმართება საბერძნეთში 2018 წლის მაისში.

შემდეგ სასტუმრო ,,რადისონში“  საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალური მდივანი სარა ლუისი და საერთაშორისო ფედერაციის ექსპერტ - კოორდინატორი სათხილამურო ფრისტაილში  ჯოზეფ ფიცჯერალდი, საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის  წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ომიაძემ კომპანიის შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა და სტუმრებს საქართველოს მთის კურორტების შესახებ ფილმი წარუდგინა.

მთის კურორტების განვითარების უფროსმა სანდრო ონოფრიშვილმა საქართველოში სათხილამურო სპორტის განვითარებაზე ისაუბრა.

სარა ლუისმა კი, fis-ის მუშაობის შესახებ პრეზენტაცია გამართა და ქართველ კოლეგებს რჩევები მისცა.