მსოფლიო ამბები

20 Mar '17

2017 წლის სლალომის თასი მიკაელა შიფრინმა და 2017 წლის გიგანტური სლალომის თასი მარსელ ჰირშერმა მოიპოვეს

18 მარტს ასპენში (ამერიკა) ქალთა სლალომი და ვაჟთა გიგანტური სლალომი ჩატარდა.

2017 წლის ქალთა მსოფლიო თასის გათამაშების ბოლო სლალომის ეტაპი სლოვაკმა პეტრა ვლხოვამ მოიგო, მეორე ადგილზე ამერიკელი მიკაელა შიფრინი გავიდა და მესამე ადგილი შვედმა ფრიდა ჰანსდოთერმა დაიკავა. 2017 წლის სლალომის თასის მფლობელი მიკაელა გახდა. მიკაელამ სლალომის თასი მეოთხედ მოიპოვა.

მიკაელა შიფრინმა თქვა: -,,გადასარევია. ჩემს სახლთან ახლოს, ასპენში ასპარეზობა ძალიან მიყვარს. რაც შეეხება დიდ თასს, 5 წლის ასაკიდან ჩემი ოცნება და მიზანი იყო ამ თასის მოგება. 20 წლის შემდეგ ეს მოხდა და რთულია ამის აღქმა.“

გიგანტური სლალომი ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა მოიგო, გერმანელი ფელიქს ნოიროიტერი მეორე ადგილზე გავიდა და მესამე ადგილი ფრანგმა მეტიუ ფევრმა დაიკავა.

მარსელ ჰირშერმა გიგანტური სლალომის თასი მეოთხედ მოიპოვა. მან განაცხადა: -,,შეჯიბრება რთული იყო, მაგრამ თქვენ იცით ჩემი ხასიათი, ყველა შეჯიბრებას სერიოზულად ვუყურებ და თუ შესაძლებელია ვცდილობ მოგებას. ძალიან გახარებული ვარ, რომ გიგანტის თასი მოვიგე. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რადგან სეზონის დასაწყისში ალექსის პინტურო ძალიან სწრაფი იყო, სეზონის განმავლობაში კი მეც მოვუმატე.“

მოამზადა სოფო ახმეტელმა