მსოფლიო ამბები

17 Mar '17

2017 წლის სუპერგიგანტის მსოფლიო თასის მფლობელები ტინა ვაირატერი და კეტილ იანსრუდი გახდნენ

16 მარტს ასპენში (ამერიკა) ქალთა და ვაჟთა შორის მსოფლიო თასის სუპერგიგანტის ეტაპები ჩატარდა. მზიანი ამინდი იყო.

ქალთა შორის ლიხტენშტეინელმა ტინა ვაირატერმა მოიგო, მეორე და მესამე ადგილები სლოვენიელმა ილკა შტუჰეცმა და იტალიელმა ფედერიკა ბრინიონემ დაიკავეს. 2017 წლის სუპერგიგანტის თასის მფლობელი ტინა ვაირატერი გახდა, ილკა შტუჰეცმა მასთან მხოლოდ 5 ქულა წააგო. ლეგენდარული მოთხილმაურეების: ჰანი ვენცელისა და ჰარტი ვაირატერის შვილმა ტინამ, საოჯახო კოლექცია გაამდიდრა. ის (თავის კარიერაში პირველად) მსოფლიო თასით დაბრუნდება სახლში.

ვაჟებს შორის კი ავსტრიელმა ჰანეს რაიხელტმა გაიმარჯვა, იტალიელი დომინიკ პარისი მეორე ადგილზე გავიდა, მესამე ადგილი კი შვეიცარიელმა მაურო კავიცელიმ და ნორვეგიელმა ალექსანდრე ამოდტ კილდემ გაიყვეს, მათ თანაბარი დრო ჰქონდათ. 2017 წლის სუპერგიგანტის თასის მფლობელი კეტილ იანსრუდი გახდა, ეს თასი მისთვის მესამეა. მეორე ადგილი ჰანეს რაიხელტმა დაიკავა და მესამე ადგილი ალექსანდრე ამოდტ კილდემ შეინარჩუნა.

ამით დასრულდა 2016-2017 წლის მსოფლიო თასის გათამაშება სწრაფ სახეობებში, დღეს გუნდური შეჯიბრება ჩატარდება, 18-19 მარტს კი გიგანტური სლალომი და სლალომი გაიმართება.

მოამზადა სოფო ახმეტელმა