მსოფლიო ამბები

17 Mar '17

2017 წლის სწრაფდაშვების თასები ილკა შტუჰეცმა და პიტერ ფილმა მოიპოვეს

15 მარტს ამერიკის ცნობილ კურორტ ასპენში ქალთა და ვაჟთა შორის მსოფლიო თასის ფინალური სწარფდაშვების ეტაპები გაიმართა.

ქალთა შორის სლოვენიელმა ილკა შტუჰეცმა მოიგო, მეორე ადგილზე ამერიკელი ლინსდი ვონი გავიდა და მესამე ადგილი იტალიელმა სოფია გოჯამ დაიკავა. 2017 წლის სწრაფდაშვების მსოფლიო თასიც ილკა შტუჰეცმა მოიპოვა, მისი კონკურენტი სოფია გოჯა იყო, რომელმაც ილკასთან 137 ქულა წააგო.

ილკა შტუჰეცმა თქვა: -,,საოცრებაა, დიდებული სეზონი მქონდა, გლობუსი უკვე მაქვს, მძიმე ყოფილა. მთელი წლის განმავლობაში  სწრაფ სრიალს ვცდილობდი და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის გაკეთებას. სეზონის ბოლო სწრაფდაშვების ეტაპი მოვიგე, თან გლობუსიც მოვიპოვე და  ეს ყველაფერი ძალიან კარგია.“

ვაჟთა შორის კი სწრაფდაშვების შეჯიბრება  იტალიელმა დომინიკ პარისმა მოიგო, მეორე და მესამე ადგილებზე იტალიელი პიტერ ფილი და შვეიცარიელი კარლო იანკა გავიდნენ. 2017 წლის სწრაფდაშვების თასი პიტერ ფილმა მოიპოვა, იგი მსოფლიო თასის მფლობელი მეორედ გახდა. ნორვეგიელი კეტილ იანსრუდი, რომელიც თითქმის მთელი ზამთარი ლიდერობდა, წლის ბოლო შეჯიბრებაზე მე-11 ადგილზე გავიდა.

პიტერ ფილმა განაცხადა: -,,რთული იყო,  კარგად ვისრიალე. გამარჯვებასთან ახლოს ვიყავი ხოლმე, მაგრამ ვერც ერთხელ მოვიგე, ახლა კი თასის მოპოვება შევძელი მოულოდნელად და ესაა ყველაზე კარგი გრძნობა. იტალიისთვის განსაკუთრებული დღეა. ვფიქრობ, რომ პატარა, მაგრამ ძლიერი გუნდი გვყავს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, სიყვარულით ბევრი იმუშავეს,  შეგვაძლებინეს, რომ სწრაფად გვესრიალა და შედეგიც ვნახეთ. კიდევ ერთხელ  დიდი მადლობა მთელ გუნდს, სერვისის ბიჭებსა და სპონსორებს.“

მოამზადა სოფო ახმეტელმა